თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გივი ჩხარტიშვილი უძღვებოდა. ჩხარტიშვილმა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი ჩაკვეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღესვე, კომისიის ახალი წევრი გურამ ოქროპირიძე წარადგინეს.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ საგრანტო ხელშეკრულების პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და საქართველოში ჩინეთის საელჩო შორის დაიდო და გულისხმობს თბილისში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ორი კომპლექსის ფიტნეს ტრენაჟორებით მოწყობას.
კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად 26 614,6 ათასი ლარით იზრდება და 1 803 072,3 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მარიამ კვერნაძემ კომისიის წევრებს თბილისში, ვაზისუბნის IV მ/რ-ის მიმდებარედ არსებული სპორტული ბაზის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საქართველოს რაგბის კავშირისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი გააცნო.
ტერიტორია მოიცავს 12306 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობას. ქონების გადაცემის შემთხვევაში რაგბის კავშირი იღებს პასუხისმგებლობას, სპორტული ბაზის მოვლა-პატრონობაზე, ობიექტს მუდმივად შეუნარჩუნდება სპორტული პროფილი და გამოყენებულ იქნება კაცთა, მოზარდთა და ბავშვთა რაგბის განვითარებისთვის.
დღესვე, თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N49-ში მდებარე 19226 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით საქართველოს რაგბის კავშირისთვის საპრივატიზებო პირობებით სიმბოლურ ფასად - ერთი ლარად საკუთრებაში გადაცემის საკითხიც განიხილეს.
ტერიტორია კერძო მესაკუთრის მფლობელობიდან დაბრუნდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში და სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნების პირობით გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს.
კომისიის წევრებმა განხილული საკითხები საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითად შეაფასეს.