თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
ლევან მიქავას ინფორმაციით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
სპორტის განვითარების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობისთვის 2024 წლის ბიუჯეტიდან 16 916,7 ლარი, შემდეგ მიმართულებებზე გადანაწილდება: მასობრივი სპორტის განვითარება, წარმატებული სპორტსმენი ბავშვების და მწვრთნელთა მხარდაჭერა, პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა/რეკონსტრუქცია და სხვა.
ლევან მიქავას თქმით სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება დიდ დიღომში და ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობა და აღჭურვა. დაიწყება სპორტულ ცენტრებში 18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ფიზიკური დატვირთვების და ჯანმრთელობის სკრინინგი. გაგრძელდება პროგრამა სპორტი უფროსი თაობისთვის, ახალგაზრდების სტარტაპ იდეების და სოციალური მეწარმეობის ინიციატივების დაფინანსებას, ასევე, გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა.
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.