თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ საკითხებში კვლავაც რჩება საარჩევნო კამპანიისას დაპირებული არაერთი პროექტი.
,,თბილისის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულზე ადის და მილიარდ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულია, ყველა ის პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით შედგა. ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციებიც, რომლებსაც საფინანსო კომისია განიხილავს“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სხდომას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავაც ესწრებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს და ორი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობასთან ერთად, სამომავლო პერსპექტივისთვის კიდევ ერთი ცენტრის პროექტირებაზეც იმსჯელეს. ასევე, კომისიამ სპორტული ობიექტებისთვის საგადასახდო შეღავათების გაგრძელებას დაუჭირა მხარი.