თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე 2018 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ სრული ანგარიში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, გასულ წელს 271 პროექტი დაფინანსდა, რომელშიც 213 000 ბენეფიციარი იყო ჩართული.
კომისიის სხდომაზე, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებაც განიხილეს.
ჩაკვეტაძის ინფორმაციით, სპორტის ღონისძიებების ნაწილში კლება აღინიშნებოდა და ეს დეფიციტი ამ ეტაპზე უკვე აღმოფხვრილია.
,,კიდევ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ რიცხვი შარშანდელ მაჩვენებელს გაუტოლდეს. ის ფაქტი, რომ სპორტის ბიუჯეტი ჯამურად 6 მილიონი ლარით გაზრდილია, ძალიან მისასალმებელია. მსგავს ფორმატში, მონიტორინგის ფარგლებში, საქალაქო სამსახურსა და გამგეობებს ყოველ 6 თვეში ერთხელ დეტალური ინფორმაციის მოწოდებას ვთხოვთ“,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილების საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.