თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პირველი კვარტლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის წევრებს ანგარიში საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა და საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, ასევე სამსახურის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაზე რამდენიმე სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და რომელთა შორის არის ნაძალადევის კომპლექსი, კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული ცენტრი, ტანვარჯიშის სახეობათა განვითარების სპორტული ცენტრი. ასევე, უკვე დასრულებულია ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაც.
ირაკლი გვილავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად კოჯრის კომპლექსის განახლების მიზნით საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამსახურის უფროსმა დეპუტატებს ახალგაზრდული პროექტებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ამგვარი პროექტები მისი სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ირაკლი გვილავამ კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.