სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე თბილისის რაიონების გამგეობის წარმომადგენლებმა 2018 წლის III-IV კვარტლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში წარადგინეს.
მომხსენებლებმა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. სხდომას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე უძღვებოდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, სხვადასხვა რაიონში სპორტისა და ახალგაზრდული ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის სისტემატური გაცვლა ხდება.
,,დღეს გამგეობებიდან ტრადიციული ანგარიში მოვისმინეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დავსახოთ,“- განაცხადა ჩაკვეტაძემ.
სხდომაზე ასევე თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებული პროექტის - ,,სასკოლო მინი-ფეხბურთის ლიგა“ პრეზენტაცია შედგა. იდეა სპორტულ შეჯიბრებებში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ემსახურება და სასკოლო სპორტული შეჯიბრებების სისტემის შემუშავებას ინოვაციური მეთოდებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გულისხმობს.
,,კომისიის ფორმატში დავამუშავეთ იდეა, რომელიც ჩვენ თანამშრომელს ეკუთვნის; გვინდა, რომ ყველა გამგეობა პროექტის ირგვლივ გავაერთიანოთ და საქალაქო სამსახურის ჩართულობით, სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეებს შორის ტრადიციული მინი-ფეხბურთის ლიგა გაიმართოს,“- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.