30 იანვარი 2026 საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა და აღნიშნა, რომ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს. ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება.
სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები კვლავ პრიორიტეტებად რჩება. მისი თქმით, 2026 წელს გაგრძელდება სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა, ასევე თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრების ხელშეწყობა.
წარმოდგენილ ცვლილებებს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.