თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივანთან, ნინო ლომთაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.
შეხვედრაში თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და საერთაშორისო სამბოს ფედერაციის სპორტის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის საკითხთა კომისიისა და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ფედერაციის წარმომადგენელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
,,შეხვედრაზე ფედერაციის ყველა საჭიროების შესახებ მოვისმინეთ, რაც განსაკუთრებით ახლა, ოლიმპიადის წინ, მათ წინაშე დგას. ჩვენი მხრიდან ფედერაციის გენერალურ მდივანს თბილისში აქტიურად მიმდინარე თითოეული პროექტი გავაცანით, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები იქნება დიდ დიღომსა და ვარკეთილში. მსგავსი შეხვედრები სპორტული ფედერაციების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დედაქალაქში არსებულ სპორტულ დარბაზებში სპორტსმენთა მომზადებაზე, მულტიფუნქციურ სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და სროლის ფედერაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. გენერალურმა მდივანმა თბილისის მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან კამპანიურ ხასიათს ატარებს და სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულსა და თბილისის ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები იგეგმება. შედეგად, ოლიმპიური წლის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავება და ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი.