თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრები ავთანდილ ცინცაძე და დათო რურუა, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია, ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე, თბილისის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი როზა ბერიკაშვილი და მთავარი მწვრთნელი ბატუტზე ხტომაში ზაქარია სულაშვილი ესწრებოდნენ.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, კომისიის წევრებთან ერთად ფედერაციის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
„სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანია ჩვენი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის შემდგომ გამოწვევებთან გამკლავება. სასიხარულოა, რომ ორ ლიცენზიას ველოდებით და რომ არა ტრავმა, ოლიმპიადაზე სპორტის ასეთი მნიშვნელოვანი სახეობიდან როგორიც ტანვარჯიშია, მესამე მონაწილეც გვეყოლებოდა. გარდა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობისა, მალე მოხდება ა(ა)იპ ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის“ რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტული სახეობის განვითარებას. ჩვენი მხრივ, კომისია შესაძლებლობის ფარგლებში, სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას გიცხადებთ,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დედაქალაქში არსებულ სპორტულ დარბაზებში სპორტსმენთა მომზადებაზე, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და ტანვარჯიშის ფედერაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ფედერაციის პრეზიდენტმა თბილისის მუნიციპალიტეტს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრები კამპანიურ ხასიათს ატარებს და სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულსა და თბილისის ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებიც იგეგმება. შედეგად, ოლიმპიური წლის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავება და ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი.