თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ კომისიის სხდომაზე, ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადაგინა. გიორგი ჩაკვეტაძემ კოლეგებს და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კომისიის ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მწვრთნელთა და სპორტსმენთა წახალისების პროგრამა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები გამოყო, რომელიც 2018-20021 წლებში განხორციელდა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში დაიწყო ორი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა; უკვე აშენდა სამი სპორტული ცენტრი, ხოლო ათობით სპორტულ ობიექტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„აღსანიშნავია, ახალგაზრდული ფორუმის ჩატარებაც, რომელიც 64 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა წევრებს აერთიანებს. ასევე, ჩვენი ინიციატივით დაწყებული კამპანია, „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სასკოლო ლიგის ორჯერ ჩატარებას. ამას გარდა, აქტიური კომუნიკაცია დავამყარეთ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მადლობას ვუხდი ყველას აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.