საქართველოს საელჩოს ჩართულობით ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის აპარატის წევრები არიან.
დელეგაციის წევრებმა ფინეთის პარლამენტის წევრებთან, ასევე ფინეთის განათლების და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ჰელსინკის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
საქართველოს დელეგაციის მიზანია გაეცნოს საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ პოლიტიკასა და მის მართვას (ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე) ფინეთის რესპუბლიკაში. დელეგაცია მიიღებს ინფორმაციას ახალგაზრდული პოლიტიკისა და კანონების ეფექტიანი განხორციელების შესახებ, თუ რა გავლენა ჰქონდა ამ სტრატეგიას ქვეყნის ახალგაზრდულ მოსახლეობაზე. სამუშაო ვიზიტის ძირითადი მიზნებია ახალგაზრდული პოლიტიკის ჩარჩოების დადგენა; ახალგაზრდობისთვის შექმნილი კანონების გავლენის შეფასება; ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების წარმატებული მექანიზმების შესწავლა; სახელმწიფოს მიერ ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის შესწავლა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია 2020-2030 წლებისთვის “, რომელიც განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს და მიზნებს, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელს გახდის შეიქმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრების, ჩართულობას, ღირსეულ დასაქმებას, ჯანდაცვასა და კეთილდღეობას, აგრეთვე ინფორმაციის, რესურსებისა და განვითარების შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა „სახელმწიფო ახალგაზრდობის 2023-2026 წლების სტრატეგია “, რომელიც ახალგაზრდული კონცეფციის პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების მიღწევის გზებს იკვლევს.