თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ თბილისელი სპორტსმენები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად და საკრებულოს წევრები: ვლადიმერ ბოჟაძე, ავთანდილ ცინცაძე და გივი ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.
წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს - ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ჭადრაკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა გუნდებს და საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის პარასპორტის გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდო და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
სპორტსმენებს პრიზები თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში, ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
გასულ წელთან შედარებით, წელს, დასაჯილდოებელი სპორტსმენების რაოდენობა გაორმაგდა - ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 140 სპორტსმენი და 5 გუნდი.
ყოველწლიური ღონისძიების მიზანი წარმატებული თბილისელი სპორტსმენების წახალისება, სპორტის ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.