თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს „სასკოლო სპორტული ლიგის“ განვითარების გეგმა სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
მონაწილეებმა სასკოლო ლიგის 2023-2028 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმის დეტალები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და განათლების სამინისტროს, ასევე სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, დედაქალაქის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ 2019 წელს „სასკოლო სპორტული ლიგა“ დააფუძნა.
,,სასკოლო სპორტული ლიგა“ სისტემატურად ტარდება და მისი მიზანი მასობრივი სპორტის განვითარება და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.