თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აბაშიძესთან, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ ხელმძღვანელთან ოთარ გრიგოლიასთან და წარმომადგენლობითი ორგანოს სხვა წევრებთან ერთად IUSY-ს მშვიდობის კომიტეტის (PTN) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, ,,მშვიდობის კომიტეტის’’ შექმნის ინიციატივით ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად 2017 წელს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) შავ ზღვის კომიტეტზე (BSAC) გამოვიდა.
მხარეებმა აღნიშნული კომიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ამასთანავე, ყურადღება გაამახვილეს არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის მშვიდობიან გზებზე და პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობასა და ხალხთა შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
როგორც კომიტეტის კოორდინატორმა საქართველოდან, ,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-თან ერთად უზრუნველყოფს ღონისძიებების დაგეგმვას - გაერთიანების წევრებისა და შესაბამისი ორგანიზაციების ჩართულობით. გაერთიანების წევრი 100-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ორგანიზაციაა.
ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია საერთაშორისო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი კი 2018 წელს გახდა.
პანდემიის დაწყების შემდეგ, PTN-ის პირველ ღონისძიებას 20-23 სექტემბერს თბილისი მასპინძლობს. IUSY-ს ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც IUSY-ს გენერალური მდივანი ბრუნო გონსალვესი ხელმძღვანელობს, საქართველოში ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოიწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევრები.