თბილისის საკრებულოში ხუთი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო, ეკონომიკური განვითარები,საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც კომისიებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი 216 ათასი ლარით იზრდება. სხდომაზე, გაიოზ თალაკვაძემ საკრებულოს წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის სამი თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ კომისიების წევრებს კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი წარუდგინა. ამ პროექტით 13 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება. დღესვე, კომისიების წევრებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს.
სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძის კომისიების წევრებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება, ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილება გააცნო. ეს ცვლილებები სარეკრეაცია ზონებში საგამონაკლისო პირობებში ჩასწორებას და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილ არეალებს ეხება, რომლითაც ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტს შეეწყობა ხელი.
თბილისის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ხელმძღვანელმა გიგა სოფრომაძემ მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, გეგმის მიზანია თბილისის ინკლუზიური განვითარება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამასთან, სამოქმედო გეგმაში, რომელიც 74 აქტივობას მოიცავს, განსაზღვრულია კონცეპტუალური ხედვა, პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები და დასახულია კონკრეტული, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ღონისძიებები.
აღნიშნული საკითხების გარდა, განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში კონკურსის „პანდემია, როგორც შესაძლებლობა“ ჩატარების შესახებ განკარგულების პროექტზე ისაუბრა. კონკურსის მიზანია თბილისის სკოლების მოსწავლეებმა ვიდეორგოლების მეშვეობით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, გააანალიზონ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური რისკი, საკუთარი და საზოგადოების როლი პანდემიის მართვასა და მის პრევენციაში.
დღესვე, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი განიხილეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა. მისი ინფორმაციით, საკითხი ეხება „აქსის გრუპის“ პროექტს, რომელსაც 502 დაზარალებული ჰყავს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.