თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში, მიღება გაიმართა. სამბოსა და კონტაქტურ კარატეში წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა უმასპინძლეს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამბოს ნაკრებმა მიმდინარე წელს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე, გუნდური II ადგილი დაიკავეს და 2 ოქროს, 7 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც შეეხება კონტაქტურ კარატეს, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ერთი ბრინჯაოს და ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.
საკრებულოს წევრებმა სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადეს. ასევე, დედაქალაქში სპორტის მიმართულებით, 2018 წლის პრიორიტეტები გააცნეს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. როგორც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია იმ ადამიანების მასპინძლობა, რომლებმაც ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატესა და სამბოში საქართველო ასახელეს.
„დღეს ჩვენ კონტაქტურ კარატესა და სამბოში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს ვუმასპინძლეთ. პირველად მოხდა ისე, რომ სამბოში ყველა წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენებმა მედალი მოიპოვეს. ეს არის ისტორიული შემთხვევა. დედაქალაქის საკრებულო წარმატებული სპორტსმენების გვერდით ყოველთვის იდგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.