საკრებულოში „სასკოლო ლიგასა“ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„სასკოლო ლიგა“ 2019 წელს დედაქალაქის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ინიციატივით, თბილისის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, კამპანია „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ა(ა)იპ “სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ“ დააფუძნა.
ცერემონიაზე სიტყვით საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე გამოვიდა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. „სასკოლო ლიგის’’ პროექტი 2019 წლიდან საკრებულოს აქტიური მხარდაჭერითა და ინიციატივით ხორციელდება. დღეს სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი იმ დაწყებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კოორდინაციის მექანიზმების ეფექტურობის ზრდას და ამასთანავე, როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციების ჩართულობას. მიზანი კი 5 წლიანი სტრატეგიის მიხედვით არის ყოველწლიურად ოცზე მეტი სპორტის სახეობაში 100 000 -ზე მეტი მოსწავლის ჩართულობა. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ეს მიზანი მიღწეული იქნება’’, -განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
მემორანდუმის საფუძველზე, „სასკოლო ლიგა“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციის ეგიდით გაიმართება და მოხდება მისი ინტეგრაცია ეროვნული ფედერაციის შესაბამის პროგრამებში.