თბილისის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელზეც 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების თაობაზე იმსჯელეს, კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა უძღვებოდნენ.
ირაკლი გვილავამ 2023 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე და ასევე ისეთ პრიორიტეტებზე ისაუბრა, როგორებიცაა: მასობრივის სპორტი, პარასპორტისა და ქალთა სპორტის მხარდაჭერა, ფედერაციებისა და კლუბების ხელშეწყობა, სეზონური სკოლები, ფესტივალები, კონფერენციები, ასევე საჯომარდო და სალაშქრო ტურები და კალენდარული ღონისძიებები და პროექტები.
მისივე ინფორმაციით, სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის 28367,2 ათასი, ხოლო სპორტული ღონისძიებებისთვის 4337,9 ათასი ლარია გამოყოფილი.
დღესვე, დამსწრე საზოგადოებას გიორგი ჩაკვეტაძემ პრეზენტაციის სახით სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და მშენებლობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მანვე ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის, თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ასევე სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში უფასო სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისივე თქმით, რაიონული გამგეობების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში 2023 წელს მოეწყობა 15 ახალი სპორტული მოედანი, შეკეთება- რეაბილიტაცია ჩაუტარდება 26 სპორტულ სტადიონს.
სხვადასხვა მისამართზე მოეწყობა 17 ფიტნეს ტრენაჟორის კომპლექტი. კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში კი, რაიონებში ბიუჯეტი მოიცავს ჯამში 1-მილიონ ლარზე მეტს, რაც გულისხმობს უფასო სწავლებას სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში, ასევე 18 წლამდე ასაკის 1 760 ბავშვის სწავლების ანაზღაურებას სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გიორგი ჩაკვეტაძემ და ირაკლი გვილავამ, ფედერაციების წარმომადგენლების წინადადებები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალური პასუხები გასცეს.
სამუშაო შეხვედრას დედაქალაქის სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ეროვნული ფედერაციის წევრებიც ესწრებოდნენ.