დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
პროექტი დეპუტატებს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარუდგინა, რომლის განხორციელების წესიც თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სპორტული ღონისძიებების“ და პროგრამის „ახალგაზრდული ღონისძიებების“ დაფინანსების განხორციელების პირობებს გულისხმობდა.
ზაზა ცინაძის თქმით, აღნიშნული წესის განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შექმნის კომისიას, რომლის შემადგენლობაში, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა გარდა, საკრებულოს წევრები იქნებიან ჩართულები.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, კომისია სპორტული და საგანმანათლებლო პროგრამების ისეთ მიმართულებების დაფინანსების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორიცაა: სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების სტიმულირება, 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადება...
„ვფიქრობ, პროცესში საკრებულოს ჩართულობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. კომისიაში, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სპორტული ფედერაციებისა და კლუბების, ასევე ახალგაზრდული ცენტრების, ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების მიერ შემოთავაზებული პროექტების დაფინანსებას განახორციელებს, ობიექტურობის მიზნით, კონკრეტული დარგის სპეციალისტებიც იქნებიან ჩართულები. ეს კი დაფინანსების პროცესს უფრო ეფექტიანსა და გამჭვირვალეს გახდის“, - განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
კომისია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შეიქმნება, დამტკიცებული წესის შესაბამისად იხელმძღვანელებს და პროექტებზე დაფინანსების/თანადაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10 000 ლარს. თუ თანხა 10 000 ლარზე მეტი იქნება, დადებითი შეფასებისას კომისია რეკომენდაციას გაუწევს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წარუდგინოს.
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მიმღებ სუბიექტს და იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქალაქო სამსახურში შემოსული განაცხადი.