თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტი განხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
მისი ინფორმაციით, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2023 წლის 1 იანვრისათვის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების (137 794,2 ათასი ლარი) გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 142 794,2 ათასი ლარით და შეადგენს 1 774 926,8 ათას ლარს. შესაბამისად, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები მთლიანობაში, იზრდება 13 596,7 ათასი ლარით და წარმოდგენილია 47 391,5 ათასი ლარით.
როგორც სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ აღნიშნა, დადგენილების პროექტით, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, იზრდება რიგი პროგრამების ბიუჯეტი, მათ შორის სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რომელიც მოხმარდება დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართებზე ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოებს.
სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და მშენებლობის მიმართულებით, თანხები მოხმარდება დიდი დიღმის და ვარკეთილის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების, ასევე სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის და ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს.
ცვლილებით გათვალისწინებულია მშენებარე მულტიფუნქციური ცენტრების სპორტული და სხვადასხვა სახის ინვენტარით აღჭურვა. ასევე ზრდა არის ახალგაზრდული ღონისძიებებისა და თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრების ხელშეწყობის მიმართულებითაც.
დიდუბის რაიონში კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ზრდა კი სკოლიოზის დიაგნოზის მქონე მოზარდებისთვის აუზით სარგებლობის პროგრამის და სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელთა დაფინანსებითაა განპირობებული.
კომისიის სხდომის დასასრულს, გიორგი ჩაკვეტაძემ სამომავლო გეგმებსა და ასევე, კომისიის ფარგლებში, განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.