თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა. სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ, კომისიის წევრებს დამატებითი ინფორმაცია მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გააცნო. ცვლილება 60 წლის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის ამოქმედებას ეხება. ქვეპროგრამით თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები ისარგებლებენ. მათ აუზზე ცურვის და ფიტნეს დარბაზით სარგებლობა არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საშუალებით დაუფინანსდებათ.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს „თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავამ გააცნო. ცვლილების მიხედვით, პროგრამა ფართოვდება და სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარდა, სწავლა მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწავლის ხარისხის ამაღლება და წარმატებული სტუდენტების წახალისება. პროგრამით დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში განვლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. მოქმედებს 100%, 70% და 50%-იანი დაფინანსება. პროგრამით ისარგებლებენ ის სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების: „ჩოგბურთის განვითარების“ (ს/ნ 404443456), „ქ. თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის“ (ს/ნ 404408066), „ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედის“ (ს/ნ 401963666) და „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ (ს/ნ 405155898) რეორგანიზაციის (შერწყმა/ გაერთიანება) შედეგად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შექმნის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ოთხი ა(ა)იპ-ის რეორგანიზაციის და ერთ სტრუქტურაში ა(ა)იპ „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“-ში გაერთიანების საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავამ გააცნო. ახალ ა(ა)იპ-ს ექნება გაფართოებული შესაძლებლობები სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. გაერთიანება ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსის და კონტროლის ეფექტურ მართვას, რომელიც შემდგომში ცენტრის ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.