თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავებული წინადადება, სპორტული მოედნების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მოწყობის შესახებ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - ზაზა ცინაძე და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს გააცნო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის მასშტაბით სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციას და სპორტის მასობრივ ხელშეწყობა-პოპულარიზაციას.
ზაზა ცინაძის თქმით, იგეგმება დედაქალაქის მასშტაბით, გარეუბნებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რადგანაც მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა თბილისის პერიფერიებში ნაკლებად განვითარებულია ან საერთოდ არ არსებობს.
სხდომაზე საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საფარი იქნება მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს სრულფასოვნად ივარჯიშონ კალათბურთითა და ფრენბურთით, რისი საშუალებაც ხელოვნურსაფარიან მოედნებზე გაცილებით ნაკლებია.
ინიციატივა კომისიის წევრებმა და სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებმა მოიწონეს.
აღნიშნული პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.