თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, ,,თბილისის სასკოლო ლიგა 2022’’ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სააფთიაქო ქსელის „პსპ’’ მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში, 2019 წელს დააფუძნა.
როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემითა და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით მას შემდეგ წარმატებით ხორციელდება. ჩატარებულია სასკოლო ლიგის ორი გათამაშება 2019 და 2021 წლებში. ტურნირებში მონაწილეობა 150-მდე კერძო და საჯარო სკოლის 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ჩატარებულია 500-მდე საფეხბურთო მატჩი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ,,სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ახალგაზრდული ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო თასზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა, 8 (რვა) ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობდა.
2022 წელს ასოციაცია კიდევ უფრო მასშტაბურ ლიგას ჩაატარებს. პროექტის ფარგლებში, მხოლოდ თბილისში 90 სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. თბილისის მინი ფეხბურთის ლიგასთან ერთად ჩატარდება სატესტო ტურნირები ხელბურთსა და პნევმატური იარაღით სროლაში. ასევე, პროექტს ემატება მინი ფეხბურთის ლიგა ბათუმსა და რუსთავში.
პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ტურნირისთვის ელექტრონული პორტალი sfl.ge შეიქმნა.
კომისიამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც სტარტს 22 მარტს აიღებს და 20 ივნისამდე გაგრძელდება.