თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომლეზეც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ დეპუტატებს კომისიის საქმიანობის ძირითადი ასპექტები პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა და ამასთანავე, კომისიის სამომავლო საქმიანობის მთავარი თემატიკა გააცნო.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი“ განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 305 418,2 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 050 302,5 ათასი ლარი) მიმართებაში გაზრდილია 255 115,7 ათასი ლარით, ხოლო 2022 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 105 501,2 ათასი ლარით მეტია.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა 25 616,0 ათასი ლარითაა წარმოდგენილი.
ამასთანავე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით სპორტული ღონისძიებების დაფინანსებასთან ერთად გრძელდება მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამები, მათ შორის, მწვრთნელთა მხარდაჭერა, წარმატებულ სპორტსმენ ბავშვთა წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ასევე პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
დღესვე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და 2022 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში მოისმინეს.
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სხადასხვა პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.
ირაკლი გვილავამ საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამასთანავე, სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.