თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს და დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №71-134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს. ლევან მიქავას თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
დღევანდელ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტიც განიხილეს. საკითხი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნინო მაღრაძემ წარმოადგინა. წარმოდგენილი პროექტით, თბილისის საკრებულოს მიერ ხდება ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული საქალაქო ტრანსპორტისა და საქმიანობისათვის სპორტის დარგში მომსახურე აგენტებისათვის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის - სეკ 006 2016, ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად) განსხვავებული, შეღავათიანი განაკვეთის ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე გრძელდება.
დღესვე, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტიც განიხილეს. საკითხი, საკრებულოს წევრებს, თბილისის მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავამ გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებები „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამებს: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“, „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“, „სპორტული ღონისძიებები“ , „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ -ს ეხება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.