თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე, წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საფუძველზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელეს და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის № 71 - 134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს.
საკითხები, კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ, მისმა მოადგილე ლევან მიქავამ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, არსებული პანდემიის ფონზე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. გაგრძელდება დაწყებული პროექტები და იქნება არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.
„თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება. ამ პროექტით ბიუჯეტი 1 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. არსებული პანდემიის პირობებში, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პრიორიტეტები შენარჩუნებულია. გაგრძელდება დაწყებული პროექტები და იქნება არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ გადაიჭრა მწვრთნელთა მიერ არაერთხელ წამოჭრილი საკითხი, რაც პროგრამის დაფინანსების გაზრდას გულისხმობს. სწორედ, ამიტომ პროგრამა 2021 წელთან შედარებით 328,1 ათასი ლარით მეტით დაფინანსდება. მნიშვნელოვნად იზრდება ახალგაზრდული სექტორის დაფინანსებაც და პროგრამა 2021 წელთან შედარებით 500,0 ათასი ლარით იზრდება, რითაც კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს.
ასევე, ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ რეკომენდაციებიც, რომლებიც გადაეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას შემდგომი განხილვისთვის”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სხდომაზე ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს და რაიონებში მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობასა და სხვა სპორტული ცენტრების პროექტირება-განახლებაზეც იმსჯელეს.