თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდა, თბილისის საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
მეორე საკითხს, რომელიც დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის, კერძოდ თბილისის მინი სტადიონების შესახებ, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების მიზნით, კომისიის მიერ მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა, სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
,,დღეს თბილისის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც ვიმსჯელეთ, რაც დედაქალაქში რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მათგან აღსანიშნავია რაგბის ახალი მოედნის მოწყობა, ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა კოჯორში და სამგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის რეაბილიტაცია“ - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
თბილისის მასშტაბით არსებული პროექტების პრეზენტაცია მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
კომისიის შემადგენლობამ საკითხები დადებითად შეაფასა და საკრებულოს სხდომაზე მათ გატანას მხარი დაუჭირა.