დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზებზე იმსჯელეს.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემ გახსნა და დეპუტატებს თბილისის მერიის კომპლექსური სპორტული ცენტრის „ნაძალადევი“-ს ლიკვიდაციის საკითხი წარუდგინა, რაც დეპუტატებმა კენჭისყრის საფუძველზე დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს.
დღესვე, სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილის თაობაზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებში აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული ობიექტები, ერთიანი მართვის ქვეშ მოექცევა.
ქეთევან ჯოხაძის განცხადებით, ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ახალი სპორტული ობიექტები აშენდა. „დღეს კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აღნიშნული სპორტული ობიექტების შემდგომი ეფექტური გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია მათი კონსოლიდირების ერთიანი მართვის ქვეშ განხორციელება. ეს კი თავისთავად გულისხმობს მოცემული ობიექტების სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ განკარგვას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი დღეს კენჭისყრაზე არ დაგვიყენებია. თუმცა, მისი მნიშვნელობიდან გამომნდინარე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია სხვა კომისიებთან ერთად დამატებით განვიხილავთ და კომპეტენციის ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
სხდომას დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე ესწრებოდა.