თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
გაერთიანებული კომისიების სხდომაზე რომელსაც დავით უთმელიძე, ლევან ჟორჟოლიანი და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და ბიუჯეტის 6 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
სხდომაზე ასევე განიხილეს ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში მდებარე რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გატარდა. აღნიშნული საკითხები იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, წარმოდგენილი პროექტით მარიჯანის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაუსრულებელ ობიექტთან დაკავშირებით, გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების შედეგად თბილისის მუნიციპალიტეტში ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროცესი დასრულდება. მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტზე ფართის სახით დაკმაყოფილდება ჯამში 433 დაზარალებული ოჯახი, რითაც მოგვარდება, აღნიშნული პირების წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისში ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე დაუმთავრებელ მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტით წარმოდგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, შესაბამისი ფართებითა და ფინანსური თვალსაზრისით დაკმაყოფილდება ჯამში 370-მდე დაზარალებული პირი.
დღესვე, კომისიების წევრებს თბილისში სხვა და სხვა მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებზეც იმსჯელეს და დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების ( M2 და M3 კატეგორია ) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს N 17-47, N17 -48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა განიხილეს.
გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.