19 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა .
კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 62 მილიონ 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 271 მილიონ 497,5 ათას ლარს.
დღესვე კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში საცურაო აუზების ან/და ფიტნესდარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 აგვისტოს N13-76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ინფორმაცია წარმოადგინა.
ირაკლი გვილავას განცხადებით, ცვლილებების მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენელი სხვა სპორტული დაწესებულებების პროგრამით დაინტერესება, ბენეფიციართა მოთხოვნის მაქსიმალურად დაკმაყოფილება, მათთვის მომსახურების მიღების არეალის გაფართოება და სერვისით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.