თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების
გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები გურამ ოქროპირიძე და კახაბერ ლაბუჩიძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წევრებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
დადგენილების პროექტით, ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის დადგენილებაში, რომლის თანახმად წარმატებულ სტუდენტს დაფინანსება გადაერიცხება , სამსახურში წარდგენილ პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.
ზემოაღნიშნული ცვლილებით გაუქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, წარმატებული სტუდენტის დაფინანსების გადარიცხვა, შესაძლებელი იყო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე. ცვლილებამდე, გაცემული დაფინანსება იბეგრებოდა მხოლოდ სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისას, ხოლო უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვისას დაფინანსების დაბეგვრა არ ხდებოდა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერის გაუქმება წარმატებული სტუდენტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ემსახურება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ ცვლილებასთან დაკავშირებით ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით, დასაბეგრი თანხის ბიუჯეტით დაბალანსება უნდა მოხდეს, რაც აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტის ზრდას გულისხმობს.
დეპუტატებმა საკითხს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.