თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-12 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებები არის როგორც ტექნიკური და ორგანიზაციული, აგრეთვე, შინაარსობრივი ხასიათის.
ზემოაღნიშნული ცვლილების შინაარსობრივი ნაწილის მიხედვით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას ახალი ფუნქციები ემატება.
გვილავას განმარტებით, ზემოაღნიშნულ ფუნქციებს, ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამსახური ახორციელებს, ამდენად, მიზანშეწონილია დებულებაში მათი ცალკე გამოყოფა და დაკონკრეტრება.
ირაკლი გვილავამ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ისუბრა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
დღესვე, კომისიების წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „7X7 ფეხბურთის ასოციაციას“ აღნიშნული ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა.
დეპუტატებმა განათლებისა და კულტურის კომისიაზე ქართველი ზოოლოგ-იქთიოლოგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ შარვაშიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ წარმოდგენილი წერილის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც უახლოეს მომავალში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.