თბილისის საკრებულოში ორი კომისიის, განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები კახა ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ წარუდგინეს.
გაერთიანებულ სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის“ დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიღების შესახებ“ იმსჯელეს, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს ცენტრის სტრუქტურაში შემავალ ობიექტებს. აღნიშნული მასშტაბის ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრი, სადაც სპორტული, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო სივრცეები ერთადაა თავმოყრილი დედაქალაქში პირველად შეიქმნა. მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების სამშენებლო სამუშაოები დიდი დიღმის და ვარკეთილის ტერიტორიაზე 2022 წელს დასრულდება. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურების მისაღებად, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” იმსჯელეს, რაც ორიენტირებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.
დღესვე კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის ფედერაციას დაუბრუნდა წლების წინ გასხვისებული ქონება, სადაც ისტორიულად საფეხბურთო სკოლა ,,ავაზა" ფუნქციონირებდა, ფედერაცია ვალდებულებას იღებს განახორციელოს თანამედროვე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა და ყველა საჭირო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტა სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი
რეკომენდაცია მისცეს.