თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომას ბექა დავითულიანი და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
გაერთიანებულ სხდომაზე კომისიების წევრებმა მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზაზა ცინაძემ წარმოადგინეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში განათლებისა და კულტურის მიმართულებით ცვლილებები მსოფლიო პანდემიად აღიარებული COVID-19-ის შედეგებით არის გამოწვეული. აღნიშნული მიზეზითვე აიხსნება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმიანობაში არსებული ცვლილებები, თუმცა როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, ამ პირობებშიც ყველა დაგეგმილი სამუშაო განხორციელდება და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაც გაგრძელდება.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი ერთხმად დაუჭირეს.