თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები თამარ ტალიაშვილი და ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლისათვის ნოდარ ახალკაცის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა ფეხბურთელის ღვაწლზე ისაუბრეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიღებს.
საკითხის განხილვას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების, ასევე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული დაფინანსების წესის დადგენილების პროექტი კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარმოადგინა და საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დაფინანსების წესში შესატანი ცვლილებები სოციალურად დაუცველი და წარმატებული დოქტორანტების 50%, 70% და 100% -ით დაფინანსებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას.
კომისიის სხდომაზე ასევე ,,თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის N30-87 “დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ცვლილების პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 17 661,9 ათასი ლარით იზრდება, რაც სპორტული და კულტურიული ღონისძიებების მიმართულებით დაფინანსების გაზრდას გულისხმობს.
აღნიშნულ საკითხებს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.