თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
აღნიშნული წესი 2015 წლის 9 ივნისს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო, რომლის თანახნად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს განათლების და აგრეთვე, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას.
საქალაქო სამსახურში შესულ პროექტებს განიხილავს კომისია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არის შექმნილი და რომლის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც არიან.
კომისია პროექტებზე დაფინანსების/თანადაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10 000 ლარს. თუ თანხა 10 000 ლარზე მეტი იქნება, დადებითი შეფასებისას კომისია რეკომენდაციას გაუწევს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წარუდგინოს.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ვინაიდან სამსახური განათლების მიმართულებით პროგრამებს ახორციელებს, მნიშვნელოვანია მას დაემატოს განათლების კონპონენტი რადგან, მისი თქმით ამ მიმართულებით კომისიაში საკითხების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული წესის დამტკიცების საკითხი დეპუტატების უმრავლესობამ მოიწონა და დადებითი რეკომენდაცია მისცა.