თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი კომისიის: ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც დეპუტატებს თბილისიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მთავრობის 10 აგვისტოს #1673 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ბიუჯეტში გამოყოფილი 500 ათასი ლარი 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდება. ასევე, აღნიშნული ცვლილების თანახმად, განვლილ პერიოდში მიღებული ეკონომიებიდან გამომდინარე ბიუჯეტში არსებული თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ოთხი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილების განხილვის შემდეგ სხდომა ქონების მართვისა და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. აღნიშნული კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს რამდენიმე უძრავ ქონებაზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხს.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.