ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, სპორტულ ფედერაციებსა და ქალაქ თბილისის ა(ა)იპებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სპორტული ფედერაციებისა და მუნიციპალური ა(ა)იპების წარმომადგენლებს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ უმასპინძლა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს სპორტის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წლის ბიუჯეტით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები წარუდგინა და მომავალი პრიორიტეტები გააცნო.
,,სტუმრებს გავაცანით ყველა ის პროექტი, რომელიც ქალაქში სპორტის განვითარების კუთხით ხორციელდება. მოვისმინეთ მათი შეკითხვები და ინიციატივებიც, რომელთა მხარდაჭერისთვის მაქსიმალურ მზადყოფნას ვაცხადებთ“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის - ზაზა ცინაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დასმული საკითხები, რომლებიც მოწვეულმა აუდიტორიამ წარმოადგინა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარების დღის წესრიგში ჩაინიშნება.
კომისიის ინიციატივით თემატური სამუშაო შეხვედრები პერიოდულად იმართება, რომლის მიზანი დედაქალაქში სპორტული მიმართულებით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა, ასევე სპორტის განვითარების პროგრამების, მიზნებისა და ამოცანების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება და მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოსა და ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , ასევე ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.