თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, მერიის კულტურის, განთლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებზე მომუშავე დელეგაციას უმასპინძლა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მოწვევით ესტუმრა და ვიზიტის მიზანს 2014 წელს მიღებული ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შესწავლა წარმოადგენს.
,,დელეგაციას ყველა ის პროექტი გავაცანით, რომელიც თბილისის მასშტაბით ხორციელდება. მივაწოდეთ ინფორმაცია, ორ მიმდინარე საზოგადოებრივ-მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის, კოჯრის ახალგაზრდული სოფლის მოწყობის და სხვა მუნიციპალური პროგრამების შესახებ. ხაზი გავუსვით, რომ ამ და სხვა პროექტების მიზანი ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა.’’ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებსა და სააგენტოს უფროსის მოადგილე ქრისტინე კაპანაძესთან ერთად, ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. ქართულმა მხარემ დედაქალაქის ყველა პრიორიტეტი ევროპის საბჭოს დელეგაციას წარუდგინა; მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სტუდენტების დაფინანსება, ,,ღამის ეკონომიკის’’ პროექტი, ახალგაზრდული ფორუმები. ასევე, მხარეებმა ახალგაზრდების დასაქმების, მათი კარიერული განვითარების, განათლების სისტემისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
ჯოანა ჰანტინგის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაციის სტუმრობის მიზანს, ქვეყანაში ახალგაზრდობის პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა, რეკომენდაციების გაცემა და დასკვნის მომზადება წარმოადგენს.