დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან - გურამ ოქროპირიძესთან და ანა კაკაბაძესთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) დელეგაციას შეხვდა.
სამუშაო ვიზიტის მიზანი, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით შედგა, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბარათის სერვისების დანერგვა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა.
კახაბერ ლაბუჩიძე დელეგაციის წევრებს მიესალმა, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის ახალგაზრდული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი 2020 წლიდან თბილისის მერია გახდა და შესაბამისად მას ევროპული ახალგაზრდული ბარათის ქართველ ახალგაზრდებზე გაცემის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.
ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 41 000 -ზე მეტ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. გარდა ამისა, ფასდაკლება შეეხება შემდეგ მიმართულებებს: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა.
საქართველოში ფასდაკლების სისტემაში დაგეგმილია როგორც სახელმწიფო, მუნიციპალური სერვისების, ასევე კერძო სექტორი ჩართვა.
შეხვედრას ასევე დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.