თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები და დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები გააცნო. მან ასევე 2018 წლის ბიუჯეტით გაწერილ სამოქმედო გეგმასა და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებული წინადადებები და ინიციატივები გააცნეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის ძირითადი პროექტი და საკითხი, რომელიც თბილისში და ზოგადად საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერიც და საკრებულოც, მხარს უჭერენ ახალგაზრდულ პოლიტიკას. მომავალში შევეცდებით, ყველა იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციას შევხვდეთ, რომლებიც ახალგაზრდობის მიმართულებით პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეხვედრას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.