სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დამსახურებულ მწვრთნელებს გაიოზ ყაყიჩაშვილს და ნათია მაჭავარიანს შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. გაიოზ ყაყიჩაშვილი უხუცესი მწვრთნელია, რომელმაც სამბოში არაერთი თაობა აღზარდა, ნათია მაჭავარიანი კი თანამედროვე ხუთჭიდში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია და მომავალ თაობას წვრთნის.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრი, სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა დაესწრნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ქართველი სპორტსმენების თითოეული გამარჯვება ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. მისივე თქმით, ქართული სპორტის განვითარებაში მწვრთნელების უდიდესი წვლილი მიუძღვით.
„სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ სიმბოლურად გამოვხატეთ მადლიერება სპორტული სამყაროს წარმომადგენლების მიმართ, კონკრეტულად მწვრთნელებს მივულოცეთ დღევანდელი დღე. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. თითოეული გამარჯვება ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სპორტის მოღვაწეებს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში მოხდა პროგრამაში ჩართული მწვრთნელების ხელფასების ზრდა.
„დღეს სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური საჩუქრები გადავეცით ორ მწვრთნელს. ჩვენგან, მუნიციპალიტეტისგან სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მწვრთნელებს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, წელს, 2022 წლის ბიუჯეტით მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში თანხები გაიზარდა. ჩვენი მწვრთნელები მომავალი თაობისა და ქართული სპორტის განვითარებისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
2013 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რადგან სწორედ 1896 წელს ამ დღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ასევე ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Peace and Sport“-ის ინიციატივით მიმდინარე ,,თეთრი ბარათების" #WhiteCard აქციაში, რომელიც მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანიაა. მისი მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულია 350 მწვრთნელი, რომლებიც, უსასყიდლოდ ავარჯიშებენ სპორტის 49 სახეობაში (მათ შორის პარასპორტის სხვადასხვა დისციპლინაში) ჩართულ სპორტსმენებს.