თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ქ.თბილისის მერიის, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის და კომპანია პსპ-ს მხარდაჭერით და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით „ჩოგბურთის სასკოლო ლიგა 2023-ის“ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.
ჩოგბურთის სასკოლო ლიგაში წელს 32 მოსწავლე იყო ჩართული. სპორტული პროექტი „სასკოლო ლიგა“, რომლის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, 2022-2023 სასწავლო წელს თბილისსა და რეგიონებში სპორტის 10 სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა 350-მდე სკოლის 5000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
„ჩოგბურთის სასკოლო ლიგა 2023-ის“ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა სპორტსმენებს კიდევ მრავალი წარმატება უსურვა.
,,მინდა ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით ფინალისტებს მივულოცო ,,ჩოგბურთის სასკოლო ლიგაში“ მონაწილეობის მიღება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. მოგეხსენებათ, რომ პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს, დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე მოსწავლეს სამომავლოდ უფრო დიდ სპორტულ ასპარეზზე ვიხილავთ, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო, ასევე მადლობა გადავუხადო პროექტის ყველა მხარდამჭერს და ორგანიზატორს“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
აღსანიშნავია, რომ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში 2019 წელს „სასკოლო ლიგა“ დააფუძნა. ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და მათ ერთიან პლატფორმაში გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით დღემდე წარმატებით ხორციელდება.
ღონისძიების დასასრულს „ჩოგბურთის სასკოლო ლიგა 2023-ის“ ფინალისტები და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ მედლებით, სიგელებით და თასებით დააჯილდოვეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.