16 დეკემბერი 2025 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და ამავე კომისიის წევრი ალექსანდრე მუკათარიძე, ასევე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები მარიამ გრიგოლიშვილი და ნოდარ ბოკერია დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მიმართეს. მათ დამსწრე საზოგადოებას უმაღლესი განათლების რეფორმის შინაარსი და მისი ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, განათლების რეფორმის შედეგად რეგიონებს ახალი მუხტი მიენიჭება და ნებისმიერ ადამიანს, მისი სოციალური მდგომარეობისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება.
უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ, პანელური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კითხვები დაესვათ.
ღონისძიებაში პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.