თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები კახაბერ ლაბუჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. როგორც ლევან მიქავამ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 1017,5 ათასი ლარით იზრდება და სულ 1 395 751, 0 ათას ლარს შეადგენს. კონკრეტულად კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტი 60,0 ათასი ლარის ოდენობით გაიზრდება.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას და შესაბამისი განყოფილებების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს, რომლებმაც „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინეს. პროექტის თანახმად, მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელზე ადრე, თუკი თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებით გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ. აგრეთვე თუ სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწე დაკრძალულია თბილისის საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში.
აღნიშნული საკითხის წარდგენის შემდეგ, კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად „აუდიოვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა“ „მედიახელოვნების სფეროს პროექტების ხელშეწყობით“ შეიცვლება, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2021 წელს, მედიახელოვნების მიმართულებით, თბილისი UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი გახდა.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.