თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო. დედაქალაქის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით იზრდება და საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ის პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომლებზეც ეს თანხა გადანაწილდება.
2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულების, ასევე სპორტული მიმართულების პროექტებიც შედის. მიმდინარე წელს დედაქალაქში ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასევე, აუტიზმის სპექტრის მქონე პაციენტების პროგრამის დაფინანსება იზრდება. როგორც ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, ორივე პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და მრავალი ბენეფიციარის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
გაზრდილი ბიუჯეტით სპორტული კომპლექსების დაფინანსებაც მნიშვნელოვნად იზრდება. სპორტული მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი განიხილეს. ეს ტერიტორია საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა, რომელიც საწვრთვნელ-გასართობ და სპორტულ კომპლექსს ააშენებს, კომპლექსი ავტოდრომის მოწყობასაც ითვალისწინებს. მშენებლობა „შენი იდეა ქალაქის მერს“ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
საკრებულოს წევრებს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც მრავალშვილიანი სტატუსის მქონე ოჯახების სხვადასხვა პროგრამებში პრიორიტეტულ ჯგუფებად გათვალისწინებას გულისხმობს. კომისიების წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.