თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის და კომპანია „პსპ’’-ს მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით, „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-ის’’ ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს თბილისის 186-ე საჯარო სკოლა და 173-ე სკოლა შეხვდნენ, სადაც 186-ე სკოლამ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ხოლო მესამე ადგილი 51-ე სკოლამ მოიპოვა, 59-ე სკოლასთან პენალტების სერიაში.
ფინალისტები მედლებით და თასით ქალაქ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, სპორტის მართვის ასოციაციის და კომპანია პსპ-ს წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა.
პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში 2019 წელს, სასკოლო ლიგა დააფუძნა. ტურნირები სასკოლო ჩემპიონატების სისტემის ჩამოყალიბებას და ერთიანი პლატფორმის ქვეშ გაერთიანებას ემსახურება და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით, დღემდე, წარმატებით ხორციელდება.
2022-2023 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 10 სახეობაში გაიმართება და მასში 350-მდე სკოლის 5000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.