საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, გლდანის (ავჭალა) მაჟორიტართან შალვა ოგბაიძესთან, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან ირაკლი ზარქუასთან, საკრებულოს დეპუტატებთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ავჭალაში, მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩებზე მიმდინარე სპორტული მოედნების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
აღნიშნულ მისამართებზე სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის შემდეგ, მაჟორიტარის ინიციატივით, დაიწყო. ავჭალას სამი ახალი, ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონი მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ექნება.
საკრებულოს დეპუტატებმა, გლდანის რაიონის გამგეობისა და მერიის წარმომადგენლებმა ზაჰესში მდებარე ყოფილი სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს. კომპლექსი ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მაჟორიტარი დეპუტატისა და გამგეობის ინიციატივაა, რომ მისი რეაბილიტაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადაცემა მოხდეს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, ავჭალაში მიხაკო წერეთლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობის საკითხი განიხილება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია მშენებარე სპორტული ობიექტების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.