თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.
შეხვედრაში თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრი ლევან ჯაფარიძე, კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური და ფედერაციის გენერალური მდივანი მარიამ დუნდუა მონაწილეობდნენ.
როგორც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტი სპორტულ ფედერაციებს კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის შესაბამისად მოემზადონ.
“ჩვენი შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავებაა. გვსურს მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი, მით უფრო ოლიმპიადის წინ. გვიხარია, რომ აქტიურად თანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, როგორც მწვრთნელთა მხარდაჭერის, ასევე ეკიპირების და სხვა პროგრამების კუთხით. პანდემიიდან გამომდინარე ძალების აღდგენა, როგორც ჩვეული სპორტული კალენდრის განახლება საკმაოდ რთულია და გვინდა იცოდეთ, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს ყველა აქტივობაში.“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა თბილისის საკრებულოს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ჩატარებულ და მომავალ სპორტულ შეჯიბრებებზე ისაუბრა.
„მადლობა მოწვევისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. მოგახსენებთ, რომ 2019 წელს პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ვუმასპინძლეთ ევროპის ჩემპიონატს მოსწავლე ჭაბუკთა შორის, სადაც 30 ქვეყანა მონაწილეობდა და 15 მედალი ავიღეთ, აქედან 7 ოქროსი. მომავალი თაობის ხელშეწყობის კუთხით 2021 წელს ივლისში ვაპირებთ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ჩატარებას (15-16 წლების ვაჟთა და გოგონათა შორის). გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო ფედერაციასთან. ასევე ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს რეგიონების დონეზე, სადაც არაერთი ჩემპიონი გვყავს. რაც შეეხება ოლიმპიადის ლიცენზიებს, ამჟამად გვაქვს მოპოვებული ერთი ლიცენზია და ველოდებით კიდევ რამდენიმე ლიცენზიის მოპოვებას“- განაცხადა დავით წიკლაურმა.