თბილისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადა, კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები ბიუჯეტის პროექტში სრულად აისახა.
თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში 326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 438 775,2 ათასი ლარი) შედარებით 193 357,4 ათასი ლარით გაზრდილია.
გაიოზ თალაკვაძემ დღესვე ბიუჯეტის პროექტის თანახმად წარმოდგენილ პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ დედაქალაქის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდულ ღონისძიებების ბიუჯეტის თაობაზე ისაუბრა.
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს.